29 მარტი 2025,   17:50
ვრცლად
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი: იმას ვყვები, რაც ვნახე და რაც გადამხდა, მინისტრის პოზიცია მეკავა, ველოდებოდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, რომ დაცალეთ ადმინისტრაცია და მოახდინეთ ევაკუაცია - ვაკუუმი იყო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს განიხილავენ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თამაზ ბესტაევს უსმენენ, რომელიც ომის პერიოდში ამავე ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ბესტაევმა გაიხსენა 2008 წლის 8 აგვისტოს დღე და აღნიშნა, რომ ცუდად ენიშნა, როდესაც სამსახურში წასვლისას აღმოაჩინა, რომ ერედვში ქართული ბლოკპოსტი აღარ იყო.

"8-ში დილით გადავედი სამსახურში, გავიარე ტყვიავი და ტყვიავის საავადმყოფოში შევედი, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყვნენ სამხედროები განთავსებული, იქ იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ფორმებში. კი გამიკვირდა, ისინი არ იყვნენ ოფიცრები, არც სამხედროები და რატომ იყვნენ ფორმებში. გავისაუბრეთ და ვუთხარი, რომ მივდიოდი სამსახურში, რაზეც მიპასუხეს, რა სამსახურში, ხომ ხედავ, რა ხდებაო. ამასობაში, ბომბდამშენი უკვე მუშაობდა, მე სამხედრო არ ვარ და რატომღაც ეს ბომბდამშენი ჯერ ჩვენი მეგონა - ეს იყო 8 აგვისტოს დაახლოებით დღის 12 საათი. ერედვიდან რომ გადავდიოდი, ცუდად ის მენიშნა, რომ ქართული ბლოკპოსტი მოხსნილი იყო, წვერიახოზე ავედი და იქ ჩვეულებრივ რუსები იდგნენ და სურათებს იღებდნენ, რაღაც ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, მოსახლეობაც არავინ გარეთ არ იყო, ყველა სახლებში იყო. ჩავედი სამსახურში, გავაგრძელეთ ჩვეულებრივ მუშაობა", - განაცხადა ბესტაევმა.

მისივე თქმით, ხელმძღვანელის მოადგილესთან ხშირად ჰქონდა შეკითხვები, თუ რა ხდებოდა, რადგან ქურთა-თამარაშენის ტერიტორიაზე შემოფრინდებოდა ბომბდამშენი და ცხინვალის მიმართულებით ისროდა.

"როგორც წეღან მოგახსენეთ, ვიფიქრე, ალბათ ჩვენია და ოსურ დანაყოფებთან აქვთ ბრძოლა, ტელევიზიით კიდევ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, გადაიცემოდა, რომ ვაკონტროლებთ ცხინვალს, კოკოითი გაიქცა, ჯავაში სამშვიდობოები არ ჩაერივნენ ამ ჩვენს სპეცოპერაციაში და რატომღაც გვეგონა, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო", - აღნიშნა მან.

თამაზ ბესტაევი იხსენებს, რომ დაბომბვების გახშირების პარალელურად, გაუმძაფრდა ეჭვი და დაინტერესდა, ბომბდამშენები რუსული იყო თუ ქართული, რადგან "ტელევიზიით გადმოსცემდნენ, რომ კოკოითი გაიქცა და იქ ვიღას ესვრიან, ცხინვალში", შემდეგ კი გაარკვიეს, რომ ბომბდამშენი რუსული იყო, რაც, ბუნებრივია, ცუდად ენიშნა.

"რახან რუსული ქვედანაყოფები და სამხედროები ჩაერთო, უკვე იქვე ჩავთვალე, რომ ეს იყო ოკუპაცია და დიდი მსხვერპლი ჩვენი ქვეყნისთვის. ტელევიზიებით აცხადებდნენ, რომ არ იყო ჩართული რუსული ჯარები და კოკოითის ე.წ. სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას, რატომღაც ასე აცხადებდნენ", - განაცხადა ბესტაევმა.

როგორც მან აღნიშნა, იყო სრული ვაკუუმი და პირადად მას არავინ დაკავშირებია.

"იმას ვყვები, მე რაც ვნახე, რასაც შევხედე და რაც მე გადამხდა. კულისებში სად რა ხდებოდა და ვინ რას ამბობდა, ეს არ ვიცი. მინისტრის პოზიცია მეკავა, იქ ვიყავი, მიცნობდნენ და ველოდებოდი, თუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მეც მეტყვიან, რომ დაცალეთ ადმინისტრაცია და მოახდინეთ ევაკუაცია. ალბათ ადგილობრივ მოსახლეობასაც მიხედავდნენ, ევაკუაციას ახორციელებს ჩემი აზრით შსს და თავდაცვა. რაღაც ინფორმაციას ველოდებოდი - არ იყო არანაირი ინფორმაცია, ხელმძღვანელის მოადგილეს ვეკითხებოდი - არც მისგან იყო არანაირი ინფორმაცია", - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

8 აგვისტოს საღამოს მონაცემებით კი, მისი განცხადებით, უკვე ნათელი იყო სიტუაცია, ვინაიდან, იბომბებოდა ქალაქის ტერიტორია, სამხედრო ქვედანაყოფები ტყვიავის მიმართულებით და "ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავით".

"ტელეფონები ჯერჯერობით იჭერდა, ინტერნეტი არ იყო. არ ვიცი რატომ მომაფიქრდა, დავრეკე ქურთის საავადმყოფოში, ცოტა ხმამაღალი ტონით ვუთხარი, რომ საჩქაროდ დაცალეთ ხეობა. თუ რამე გაქვთ, აპარატურა, კომპიუტერი, ინსტრუმენტები, რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ, რომ გამოიტანოთ, საჩქაროდ დაცალეთ და გადმოდით გორისკენ. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იქ ძირითადად ადგილობრივები იყვნენ ექიმები და მედპერსონალი, ერთი მყავდა მხოლოდ თბილისიდან ანესთეზიოლოგი და ავტომატურად გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ. ვრეკავდი ავნევში, ფრონეს ხეობაში, მაშინ გამგებელი გახლდათ კაპანაძე, მითხრა, რომ სიტუაცია რთულად არის, თითქმის ალყაში ვართო", - აღნიშნა ბესტაევმა, რომლის თქმითაც, რუსებს მოროდიორები შემოჰყვნენ და შემდეგ დაიწყო ხალხის ძარცვა და ხოცვა.

ბესტაევის ინფორმაციით, ადგილობრივი 71 მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ მოხუცები, რომლებიც ოჯახის წევრებს არ დაემორჩილნენ და არ დატოვეს საცხოვრებელი.

დღის ამბები