
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან მორიგი გამარჯვებისთვის მზად არის - ეს განცხადება ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა. მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ცვლილებები თამაშის ტაქტიკაში არ იქნება, თუმცა იცვლება შემადგენლობა.
ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ეროვნული ნაკრების კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცვას. გუნდის შემადგენლობაში იქნება გურამ კაშიაც. მოედანზე ვიხილავთ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მეტოქესთან წინა თამაში გამოტოვა.
თბილისში იმყოფება და დაპირისპირებისთვის ემზადება მეტოქე გუნდი. სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა დღეს, პირველ შეხვედრაში წაგების მიზეზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მის ფეხბურთელებს მოგების შანსები მაშინაც ჰქონდათ. გუნდებმა შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში დინამო არენაზე ჩაატარეს.
პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 3-0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. ოთხ წუთში კი მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო. მანვე გაიტანა მატჩის ბოლო გოლიც. მოგების შემდეგ, საქართველომ ერთა ლიგის B ლიგაში თამაში გაინაღდა.
საქართველო-სომხეთის მატჩის მთავარი მსაჯი ინგლისელი, ენტონი ტეილორი იქნება. დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საღამოს რვა საათზე დაიწყება. მანამდე კი 4 საათით ადრე, თბილისის მერიის განცხადებით, მოედნის მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება და თამაშის დასრულების შემდეგ გაიხსნება.