
თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტის ეპიცენტრი ქალაქი სტამბოლი, ანკარა და იზმირია. მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავებაა, რომელსაც კორუფციასა და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. თურქულმა სასამართლომ ოპოზიციონერ მერს დღეს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ექრემ იმამოღლუ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მეტოქე და სერიოზული კონკურენტია. სტამბოლის მერთან ერთად, თურქმა სამართალდამცველებმა, სტამბოლის მუნიციპალიტეტის ასზე მეტი თანამშრომელი დააკავეს. გაუქმებულია იმამოღლუს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომიც, ანუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ხალხი იმამოღლუს გათავისუფლებას ითხოვს. საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. საპასუხო ზომებს იღებს ხელისუფლებაც. ქვეყანაში დემონსტრაციები აიკრძალა, თუმცა პროტესტი არ წყდება. არ წყდება შეტაკებები აქციის მონაწილეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის. ძალოვნები დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, ხელკეტებს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის იყენებენ - დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულებიც. საპროტესტო აქციებზე 500-მდე ადამიანი დააკავეს.
მოქალაქეებს სოციალურ ქსელებზეც შეუზღუდეს წვდომა - თურქეთში დროებით დაბოლილია "იქსი", "ტიკ ტოკი", "იუთუბი" და "ინსტაგრამი". სამართალდამცველებმა ძალადობის წახალისებაში ეჭვმიტანილი 60 ადამიანიც აიყვანეს, რომელსაც სოციალურ ქსელში პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნება ჰბრალდებათ.
ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში პროტესტი არ ცხრება. განსაკუთრებით აქტიურია სტამბოლი და ანკარა, სადაც მმართველმა პარტიამ წინა მუნიციპალური არჩევნები წააგო.
"თურქეთის პრეზიდენტმა რეალური კონკურენტი ჩამოიშორა" - ასე აფასებენ ექსპერტები სტამბოლის მერის დაკავებას, რომელმაც თურქული ლირას რეკორდულად გაუფასურება გამოიწვია.
ბრიუსელი ოფიციალურ ანკარას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კი აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დაისჯება ყველა, ვინც მერია კორუფციის ბუდედ აქცია.