
ოპოზიციის სიზიფეს მითად ქცეული ერთობა, ისევ მითად რჩება. მრავალჯერ ნაცადი და ვერ გამართლებული გზის დასასრული, ტრადიციულად, დაპირისპირებამდე მივიდა. ამ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამჯერად სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა და მისივე ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესში, დისონანსიც თავად შეიტანა. გაერთიანების იდეა ძლიერი კოორდინაციით ჩაანაცვლა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. რეაქციამაც არ დააყოვნა - ზურაბიშვილი მალევე უარყვეს. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს წყენა არ დაუმალავს და ყოფილ პრეზიდენტს აზრზე მოსვლა ურჩია. ახალს კი მალე ძველიც დაემატა- მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელში მიხეილ სააკაშვილის საკნის პირობითი გასაღები იყო, კრიტიკისგან თავს იკავებდა, თუმცა დღეს ბრაზს საზღვარს აღარ უწესებენ.
ხიდჩატეხილობა ოპოზიციაში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს არ ბრალდება. "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის სამიზნე გიორგი გახარიას პარტიაზეც გასწორდა. ანა წითლიძეს "ღამის კურიერის" ეთერში საკუთარი ეჭვები გახარიასთან მიმართებთ არ დაუმალავს. მისი თქმით, სპეკულაციების საშუალებას პარტია "საქართველოსთვის", ვერ დათმობილი 12 მანდატი იწვევს. "ხალხთან ახლოს და ცოტა ზემოთ" - რატომ ვერ მოახერხა ამ სტრატეგიის ავტორმა ოპოზიციური მოლაპარაკების მაგიდასთან გიორგი გახარიას დასმა? ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილს ფასილიტაციის უნარებსაც უწუნებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებები და ეჭვები არასერიოზულია გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კოორდინირებულ მუშაობაზე და არა ერთობაზე სწორი სტრატეგიაა. ყოფილ სახელისუფლებო პარტიას კი, იმ წითელ ხაზს ახსენებენ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაავლეს.
ოპოზიცია ერთიანობას კიდევ ერთ საკითხი ითხოვს - თვითმმართველობის არჩევნებზე. ბარიერგადალახული პარტიები ამბობენ, რომ შემოდგომაზე საკუთარი ამომრჩევლები ამ მოცემულობით არ უნდა დათვალონ. "ლელოსთვის" არც ეს საკითხია აქტუალური და არც იმას აღიარებენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ვითარება დაიძაბა.
ის რაც ახლა ოპოზიციურ ველზე ხდება, კანონზომიერია "გირჩისთვის". პარტიისთვის, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას აპირებს. აქვთ კითხვებიც უახლესი წარსულიდან, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით.
შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არასდროს შეცვლილა მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიას არც ოპონენტების ერთობის სჯერა და არც დაპირისპირების, რადგან ამბობენ, რომ ოპოზიციას რეალურად ერთმანეთთან ანტაგონისტური დამოკიდებულებები აქვთ, მათი სტრატეგია კი იმაზეა დამოკიდებული თუ რა დავალებას მიიღებენ.
მმართველი გუნდი ოპოზიციურ ველზე დაბნეულობას თვალს ადევნებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპონენტებს ერთადერთი რესურსიღა დარჩათ - რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში.
ერთობა ვერ შედგა, ახლა ოპოზიციამ საკუთარ რიგებში ბუნდოვანება უნდა გაფანტოს, იქამდე კი საარჩევნო კალენდარზე დღეები მცირდება და დრო ცოტა რჩება. სწორედ დრო გამოაჩენს ვინ უღალატებს საკუთარ პრინციპებს და ვინ შეიცვლის პოზიციას.