
გასულ საუკუნეში, ტეხასის პირველი ლედისა და ამერიკის პრეზიდენტის დიალოგი დიდი ისტორიის პატარა ნაწილია. ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში, ამერიკის 35-ე პრეზიდენტს ტყვიას ესვრიან და კლავენ.
1963 წლის 22 ნოემბერი, დალასი. 12:30 წუთი. პრეზიდენტ კენედის ლიმუზინი საგამოფენო ცენტრისკენ მიდის, სადაც საზეიმო დახვედრა იმართება. ავტომობილში პრეზიდენტთან ერთად სხედან პირველი ლედი ჟაკლინ კენედი, ტეხასის გუბერნატორი ჯონ კონალი და მისი მეუღლე.
კორტეჟის მარშრუტი პრეზიდენტის ვიზიტამდე სამი დღით ადრე პრესაში გამოქვეყნდა, რაც მოგვიანებით უსაფრთხოების წესების უხეშ დარღვევად შეფასდა, სწორედ საგაზეთო ინფორმაციის წყალობით გამოვიდნენ ადგილობრივები ქუჩაში.
იმ დღეს კენედიმ გასცა ავტომობილის სახურავის გახსნის განკარგულებაც და ჯავშანჟილეტის ჩაცმაზეც უარი თქვა, მერე დაცვის თანამშრომლებს აუკრძალა მისი ავტომობილის უკანა საფეხურზე დადგომა.
ჰიუსტონის ქუჩიდან ლიმუზინმა მოუხვია მარცხნივ, როგორც დაგეგმილი იყო, რათა მიეღწია ავტომაგისტრალის გასასვლელამდე.
სწორედ ამ დროს ისმის გასროლის ხმა, იქვე მდგარი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან.
დაკითხვის დროს ჯონ კონალის მეუღლემ გაიხსენა, რომ პირველი გასროლის დროს კენედისკენ მიიწია, მოგვიანებით კი კიდევ ერთი გასროლის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც გუბერნატორმა კონალიმ ყვირილი დაიწყო. ამ მომენტში იყო ცეცხლსასროლი იარაღის ხმა, რა დროსაც პრეზიდენტის ლიმუზინის უკანა ნაწილი სისხლით დაიფარა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედის ტყვია თავში მოხვდა და პრაქტიკულად შუაზე გაგლიჯა ქალა. მკვლელის მიერ ნასროლმა პირველმა ტყვიამ, რომელიც პრეზიდენტს ზურგში მოხვდა და მისი სხეული გაიარა, წინა სავარძელზე მჯდომი კონელიც მსუბუქად დაჭრა.
ჯერ კიდევ ცოცხალი პრეზიდენტი რამდენიმე წუთში მიიყვანეს პარკლენდის ჰოსპიტალში, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
დაახლოებით ერთი საათში, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი - 24 წლის ლი ჰარვი ოსვალდი დააკავა, რომელიც მთელი ხმით ყვიროდა, რომ უდანაშაულო იყო.
არავინ იცის, რა სასჯელი ელოდა ოსვალდს, რომელმაც მხოლოდ ორი დღე გაატარა საპატიმროში, რადგან 24 ნოემბერს, 11:20 საათზე, პოლიციის სამმართველოდან საოლქო სასამართლოში გადაყვანისას მოკლა ჯეკ რუბიმ რევოლვერიდან რამდენიმე გასროლით.
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა. მკვლელობა, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად იქცა, დღემდე უამრავ ეჭვს იწვევს, რადგან ამერიკელების ერთ ნაწილს ნაკლებად სჯერა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანმა მოკლა. საეჭვოდ იმ ფაქტსაც მიიჩნევდნენ, რომ 200-300 მეტზე სროლას რკინის ნერვები და იდეალური ფიზიკური მონაცემები სჭირდებოდა, ოსვალდს კი, არც ერთი ჰქონდა, არც მეორე. ოსვალდი ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი იყო, მკვლელობის იარაღი კი ფოსტით შეიძინა.
საუკუნე გავიდა, მაგრამ ამერიკაში და არამარტო, ისევ ისმის შეკითხვები - რატომ მოკლა ლი ჰარვი ოსვალდმა პრეზიდენტი და მოქმედებდა თუ არა ის მარტო?
დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაჰპირდა, რომ მათი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გასაიდუმლოებული მასალები დღის სინათლეს ნახავდა. პირობა შტატების 47-ე პრეზიდენტმა უკვე შეასრულა და საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება ამერიკის ეროვნული არქივის ვებგვერდზე დაიწყო. ძველ დოკუმენტებში გარკვეული ინფორმაცია, უფრო ზუსტად კი ცენტრალური დაზვერვის სამსახურის (CIA) თანამშრომლებისა და წყაროების შესახებ ცნობები აქამდე დაფარული იყო. დონალდ ტრამპმა საიდუმლო მასალების ერთი ნაწილის გამოქვეყნება ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო.
ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები ნათელს მე-20 საუკუნის შუა წლებში, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჯაშუშურ სამუშაოებს ჰფენს, რასაც თავად სააგენტო ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. დოკუმენტები ორ ეტაპად აიტვირთა. პირველ ჯერზე არქივის ვებგვერდზე 32 000-გვერდიანი ჩანაწერები გამოჩნდა, მოგვიანებით კი მათ 31 400 გვერდი დაემატა. მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვინ მოკლა კენედი, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა:
დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე სპეცსამსახურების დაკვირვების ობიექტი იყო. ფაილების ნაწილი CIA-ის მიერ 1962-1963 წლების მიჯნაზე, მექსიკაში სატელეფონო ზარებზე განხორციელებულ მონიტორინგს ეხება. ჩანაწერებში საბჭოთა კავშირისა და კუბელების დიპლომატიურ დაწესებულებაში შემდგარი საუბრებია გაშიფრული. სწორედ ამ დაწესებულებებში ფიქსირდება კენედის მკვლელის, ლი ჰარვი ოსვალდის ვიზიტები, მკვლელობამდე თვეებით ადრე. ის იმყოფებოდა ამერიკისა და რუსეთის საელჩოებში. სურდა კუბაში წასვლაც. ოსვალდი სოციალისტური მოძრაობის აქტიური წევრი იყო. მეგობრობდა კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს თანამოაზრეებთან.
ჩანაწერებში საუბარია კუბაში, აშშ-ის ფარულ საქმიანობაზე, რომელიც მიზანში კუბას რევოლუციონერ ლიდერს, ფიდელ კასტროს იღებდა. კენედისთვის 1961 წლის ივნისში გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის თანაშემწე მკაცრად აკრიტიკებდა აშშ-ის აგენტურას. დოკუმენტებში საუბარია დაგეგმილ ოპერაციებზე, რომლებსაც, პოტენციურად კასტროს ჩამოგდება შეეძლოთ. 1964 წლით დათარიღებულ ჩანაწერში საუბარი იყო კასტროს ლიკვიდაციაზე, ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის ქვეშ. გეგმა რობერტ კენედის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.
საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას არ შეუცვლია წლების განმავლობაში მიღებული ვერდიქტი, უფრო მეტიც, რომ შემთხვევის ადგილას, ჯონ კენედის მკვლელი, ლი ჰარვი ოსვალდი, 1963 წლის 22 ნოემბერს მარტო მოქმედებდა. ჩანაწერებიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ ოსვალდი არც KGB-ს აგენტი ყოფილა.
დოკუმენტებში პირდაპირი მინიშნებაა ისრაელის სპეცსამსახურების კვალზე. რამდენჯერმე არის ნახსენები როკ ფელერის სახელი და გვარი, ასევე ჯორჯ ბუშ უფროსის.
აქამდე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში CIA-ის მიერ სატელეფონო ჩანაწერების შექმნის მეთოდოლოგია არ საჯაროდაცაა, სააგენტოს არ სურდა. გამოქვეყნებულ ფაილებს, რომლებიც ათობით ათას გვერდ ინფორმაციას შეიცავს, ისტორიკოსები ამ დრომდე სწავლობენ. აშშ-ის ეროვნული არქივი აღნიშნავს, რომ ყველა არსებული დოკუმენტი ციფრული ფორმით არ გასაჯაროვდება, პერსონალური ინფორმაციის ნაწილი კი კვლავ დაფარული დარჩება.
ამერიკელების აზრით, დოკუმენტების სრულად გამოქვეყნებას სპეცსამსახურები აფერხებენ, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ ინტერესებს იცავდნენ, რადგან დარჩენილი ფაილები სწორედ მათ - დაზვერვის სააგენტოს, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სხვა უწყებების არაკომპეტენტურობასა და კანონდარღვევებს გამოავლენდა.
გახმაურებულმა ფაილებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გასაიდუმლოებული დოკუმენტების შესწავლა უკვე დაიწყო. 80 000 ფაილს შორის არის დოკუმენტები, რომელთა წაკითხვაც შეუძლებელია, არის დასკანერებული და ჩასწორებული გვერდები, წერილები.
ჯონ ფიცჯერალდ კენედი დაიბადა ირლანდიური წარმოშობის მდიდარ ოჯახში. იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს კიდეც. პოლიტიკური კარიერა ომის დაწყებისთანავე 44 წლის ასაკში დაიწყო.
დღეს, ამერიკაში ყველაზე მეტი დაწესებულება თუ შენობა პრეზიდენტ კენედის სახელს ატარებს. ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკის მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მოკლეს.
ის ამერიკელებისთვის ნამდვილ კერპად იქცა. მეორე მსოფლიო ომის გმირმა და ავტობიოგრაფიული წიგნის "გამბედაობა სახეებში" ავტორმა, რომლისთვისაც "პულიცერის პრემია" აიღო, კენედიმ ამერიკელების გულები სამუდამოდ დაიპყრო. მათ მეხსიერებაში კი სამუდამოდ დარჩა.