
ხელოვნების სასახლის "უკვდავთა თაღს" კინორეჟისორის, თბილისის საპატიო მოქალაქისა და "ხელოვნების ქურუმის", მერაბ კოკოჩაშვილის ხელის ანაბეჭდები შეემატა. აქ იმ თორმეტი ადამიანის ხელებია, რომლებმაც საკუთარი თავი ხელოვნებას მიუძღვნეს.
მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილე ხელოვნების სასახლეში აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა გამოფენაც. სურათები ოჯახის წევრებთან ერთად, ფოტოები გადასაღები მოედნიდან, კადრები ლეგენდარული ფილმებიდან და ხელნაწერები - რეჟისორის 64 წლიანი კინომოღვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო უნიკალური აფიშებიც, მათ შორის, "ცხელი ზაფხულის სამი დღე". კინოსურათი 1981 წელსაა გადაღებული. "ცხელი ზაფხულის სამი დღე " დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოსა და საბჭოთა პერიოდის ქართველ არქეოლოგზე მოგვითხრობს.
ტრილოგია 2000 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა ფილმ ,,ნუცას სკოლით" გააგრძელა. მთავარი გმირი წინაპრების მამულში ბრუნდება და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სკოლას აწყობს.
გასულ წელს შედგა ტრილოგიის ბოლო ფილმის "ტერცო მონდოს" პრემიერა, რომელიც აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობას ეფუძნება. ფილმში სამი სხვადასხვა თაობის მსახიობები, საკუთარი პერსონაჟების დახმარებით გვიყვებიან საქართველოს უახლეს წარსულზე, ადამიანურ ღირებულებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე.
ფოტომასალების გარდა, წარმოდგენილი იყო კოსტიუმი და რეკვიზიტი კინოფილმიდან "გიორგი სააკაძე". მიხეილ ჭიაურელმა "გიორგი სააკაძის" გადაღებები 1940 წელს დაიწყო და პაატას როლზე 5 წლის მერაბ კოკოჩაშვილი დაამტკიცა.
ქართულ კინო ისტორიას დარჩება ის უნიკალური ფილმები, რომლებიც მერაბ კოკოჩაშვილმა წლების განმავლობაში გადაიღო. მათ შორისაა "დიდი მწვანე ველი" "გზა მშვიდობისა ჯაყო" და სხვა მრავალი შედევრი. უნიკალური გამოფენის ნახვას კინომოყვარულები ხელოვნების სასახლეში 10 დღის განმავლობაში შეძლებენ, მოგვიანებით კი, ექსპოზიცია წინანდალში და დადიანების სასახლეში გამოიფინება.