26 მარტი 2025,   00:19
ვრცლად
სატელეფონო აფიორა - თუ ვინმე დაგირეკათ და გეტყვით, რომ თქვენი ოჯახის წევრი დააკავეს ან ავარიაში მოყვა და პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ თანხაა საჭირო, იცოდეთ, რომ გატყუებენ

სატელეფონო ზარით თაღლითებმა საკუთარ მახეში ათობით ადამიანი გააბეს, თუმცა სქემა უკვე გაშიფრულია: ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ტელეფონზე ურეკავენ და ატყობინებენ, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა. ე.წ. გამომძიებელი პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. შოკისმომგვრელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სატელეფონო ზარის ადრესატი შეთავაზებას თანხმდება. რამდენიმე წუთში კი მის კარზე ე.წ. კურიერი ფულის წასაღებად აკაკუნებს. მოგვიანებით ირკვევა, რომ ახლობელი, რომელიც ვითომ ავარიაში მოყვა, სინამდვილეში საკუთარ სახლში, სრულიად ჯანმრთელი იმყოფება, სატელეფონო ზარის ავტორი კი გამომძიებლის ნაცვლად თაღლითი აღმოჩნდა.

სატელეფონო თაღლითები მსხვერპლებს არწმუნებდნენ, რომ მათთან საუბრის მომენტში სხვასთან კომუნიკაცია არ ჰქონოდათ. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამიზნე ობიექტთან ე.წ. კურიერი მისულიყო და დიდი ოდენობით ფული არარსებული პრობლემის მოგვარების მიზნით წაეღო.

ე.წ. ფულის გადამტანები, ახლა განსასჯელის სკამზე სხედან. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების პირისპირ მათ არაფერი უთქვამთ, თუმცა ბრალდებულები თავად მსხვერპლებმა ამოიცნეს და დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ გამოსძალეს მოტყუებით დიდი ოდენობით თანხა.

თაღლითური სქემა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა შვილის ავარიის შესახებ ინფორმაცია საეჭვოდ მიიჩნია. თაღლითებთან სატელეფონო საუბრის პარალელურად, მეზობელს პოლიციის გამოძახება სთხოვა. რამდენიმე წუთში კი კორპუსთან სამართალდამცველებმა, ადგილზე ფულის წასაღებად მისულ ე.წ. კურიერს, ჩასაფრება მოუწყვეს.

ოთხი ბრალდებულიდან სამი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დანაშაულებრივი სქემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ადგილიდან მხოლოდ ფულის გადატანა ევალებოდათ. ვისთან მიჰქონდათ ამანათი? ამას უფლებადამცველები ვერ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ დამკვეთს დიდი ოდენობით თანხას ჩასარიცხი აპარატების მეშვებით ურიცხავდნენ.

ეს მხოლოდ ადვოკატების ვერსიაა. პროკურორი კი "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ ბრალდებულები თავად იყვნენ თაღლითური სქემის ორგანიზატორები და მსხვერპლების ოჯახებიდან თანხაც თავადვე გამოჰქონდათ. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ე.წ. კურიერების დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას ადასტურებს.

თაღლითური სქემით თბილისში 50-ზე მეტი დაზარალებულია. ზიანი კი 1 მილიონს აჭარბებს. თავად განსასჯელის სკამზე მჯდომი ბრალდებულები ახლა მოსამართლის განაჩენს ელოდებიან. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები