
"როცა ამ წერილს წაიკითხავ, მე არ ვიცი სად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - შენ უკვე დიდი ხარ. დიდი და ჭკვიანი გოგო" - ეს არის წერილი, რომელიც 25 წლის წინ ერთმა ადამიანმა საკუთარ შვილს მომავლისთვის დაუწერა. ის ერთ-ერთია იმ 3500-ს შორის, რომელმაც 2000 წელს მომავლის წერილი გაგზავნა.
რთულია განსაზღვრო წინასწარ, რა იქნება მომავალში, სად იქნები შენ, სად იქნებიან შენი ოჯახის წევრები, თუმცა მოლოდინი, რა თქმა უნდა, გაქვს, რომ იქნებით ერთად და ბედნიერად. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასე არ ხდება და მოლოდინი რეალობას არ ემთხვევა. დროში გაყინულმა წერილებმა, რომლებიც ეროვნულ არქივში ინახება, ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა.
პროექტი, "გზავნილი მომავალში", 21-ე საუკუნის პირველივე წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის.