
საუდის არაბეთში, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტს პოზიტიური მოლოდინი აქვს. დონალდ ტრამპი კმაყოფილია მოლაპარაკებების მიმდინარეობით და ამბობს, რომ შეთანხმება ტერიტორიების განაწილების შესახებ ხელშეკრულებასაც გულისხმობს.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრის შესახებ საუბრობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი. დიმიტრი პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე კონკრეტულად საუბარი, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
18 მარტს, ტრამპსა და პუტინს შორის გამართული ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის შეთანხმება იყო, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30 დღით შეჩერებას გულისხმობდა. დროებით ცეცხლის შეწყვეტას ომში მყოფი მხარეები ზეპირი განცხადებების დონეზე დაეთანხმნენ, თუმცა როგორც განვლილმა დღეებმა აჩვენა, საბრძოლო ველზე ვითარება არ შეცვლილა. ამ მოცემულობის მიუხედავად, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შესრულდება.
საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ საუდის არაბეთში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს იმსჯელეს უკრაინის სურვილზე, გახდეს ნატოს წევრი. ამ მოთხოვნას მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთი, ხშირად ითქვა, რომ რუსეთი ამ საკითხს უკრაინაში ომის დაწყების გასამართლებლად იყენებს. უკრაინას ევროკავშირში დაჩქარებული წევრობის სურვილიც აქვს, თუმცა უნგრეთი, ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს 2015 წელს წართმეული უფლებები არ დაუბრუნდებათ – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. პიტერ სიიარტოს თქმით, ვიდრე ეს ვითარება არ შეიცვლება, ვერ იქნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წევრობით თუ მის გარეშე, ევროპა უკრაინას მარტო არ დატოვებს. უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ბრიტანეთია, რომლის პრემიერი საერთო თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგებას განიხილავს. კიმ სტარმერმა "ნიუ იორკ თაიმსს" უთხრა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებდა ბრიტანეთზე და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა.
თუმცა ბრიტანეთის პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეთანხმება. კირ სტარმერის შეფასებით, ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ კოლექტიური თავდაცვისთვის. ევროპის შეთანხმების შემთხვევაში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მსგავსად ჩეხეთიც მზად არის მონაწილეობა მიიღოს უცხო ქვეყნების მისიაში, რომელიც უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან. ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.
მიმდინარე მოლაპარაკებების და განცხადებების პარალელურად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის მასირებულ დაბომბვას აგრძელებს. მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 150-მდე დრონით შეუტია. თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები. კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ საუდის არაბეთისკენ არის მიპყრობილი, სადაც მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება. როგორც ბლუმბერგი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, თეთრი სახლის სურვილია, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აღდგომის დღესასწაულამდე მიაღწიონ.