
წელს უკვე ორჯერ, საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტები, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. გუდაურში კი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა. დღეს გუდაური ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კურორტია, თუმცა რამდენიმე ათწლეულის წინ, მის შესახებ ფაქტობრივად, მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ.
კაცი, რომელმაც გუდაურის უნიკალურობა აღმოაჩინა, დღეს 85 წლისაა.
45 წლის წინ, ვახტანგ მიქელაძე სასრიალო ტრასების მოსაძებნად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გაემგზავრა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა ადგილი, რომელიც ყველა პირობის გათვალისწინებით, ახალი კურორტის შესაქმნელად იდეალურ გარემოს ქმნიდა.
საერთო ევროპული ხედვებით გაერთიანებულმა ჯგუფმა, ჯერ საბაგირო გზები გაიყვანა და შემდეგ სასტუმრო ააშენა. პირველი დამსვენებლები ავსტრიიდან იყვნენ. სწორედ მაშინ დაიბადა გუდაური.