
"ჩემთან დაპირისპირებული ვინც არიან, ამათთვის არაფერი არ არის ადამიანის გაქრობა ამ ქვეყნიდან" - ეს განცხადება ბესიკ ხარძიანმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ბიზნესმენი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ადამიანების წამებასა და ბიზნესის რეკეტზე ღიად საუბრობდა. ასახელებდა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. მათ ქმედებებზე ამჯერად პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე, ხარძიანის შვილმა ისაუბრა. დეტალურად გაიხსენა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომელიც კუს ტბის წილებისა და სხვა ქონების დათმობის სანაცვლოდ, ვანო მერაბიშვილის უწყებამ, ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოიყენა.
გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია - ეს არასრული ჩამონათვალია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, რომელთა სახელებიც ბესიკ ხარძიანის წამების საქმეში, საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველაზე ხშირად ისმოდა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება დაგვიანებულია, სააკაშვილის პარტიაში კი დღეს ხარძიანის გახმაურებული საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
საგამოძიებო კომისიის ფორმატში, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხარძიანების ოჯახს პირველად 2006 წელს დაუპირისპირდა და მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენს, 5 მილიონი დოლარი იძულებით გადაახდევინა. ამის შემდეგ იყო პატიმრობა და ციხეში არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტი, რომელსაც გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე იგივე ქილერა ახორციელებდა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უდესიანის გახმაურებული საქმის მსგავსი არაერთი მაგალითი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც წინა ხელისუფლებას სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს.
საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე, კანონმდებლები დასკვნას უახლოეს მომავალში დადებენ.
საბოლო დოკუმენტს კი საგამოძიებო უწყებებს რამდენიმე თვეში გადასცემენ.