
ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო შეთანხმება - ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომში მყოფ ქვეყნებს შორის შეთანხმების ძირითადი ჩარჩო უკვე შემუშავებულია და ის ტერიტორიების განაწილებასაც მოიცავს.
"მოლაპარაკებების პროცესში რთული იქნება ტერიტორიების საკითხის განხილვა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. დონეცკის ოლქში პრეზიდენტმა მეომრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ომში მყოფი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს დონალდ ტრამპის წარმომადგენელი. სტივ უიტკოფი ამბობს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი შესაძლებელია. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზეც ისაუბრა.
შეთანხმების მისაღწევად კიდევ ერთი შეხვედრა ისევ საუდის არაბეთში გაიმართება. ერ-რიადში მხარეები ომის დასრულების პირობებზე ისაუბრებენ.
სანამ სამშვიდობო შეთანხმება შედგება, აგრესორი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, კიევში ოთხსართულიანი შენობა დაიწვა.
რუსეთმა იერიში ზაპოროჟიეს ოლქზეც მიიტანა. დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი. აფეთქების შედეგად 12 მოქალაქე დაშავდა. თავდასხმა მოხდა სუმის ოლქზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა როსტოვის ოლქში. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის იერიშებს რუსულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
მსოფლიო ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოლოდინშია, მანამდე კი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესია უკვე 1123 დღეა გრძელდება.
ავტორი: სიმონ შანავა.