22 თებერვალი 2025,   10:45
ვრცლად
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ს 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა, რომ წასულიყო იმ ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა" - ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა და თუ ძალიან სურდა, შეეძლო რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში მისულიყო. ტრამპმა აქცენტი უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მალე დასრულდება.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს 350 მილიარდი დოლარი დაახარჯვინა, რომ წასულიყო იმ ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

ომი - რომელსაც ის აშშ-სა და ტრამპის გარეშე ვერასოდეს მოაგვარებს. ისინი ვერასოდეს მოაგვარებენ ამ ომს ჩვენი ჩარევის გარეშე.

ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება და ზელენსკის ალბათ სურს... შესაძლოა, სურს მატარებლის გაგრძელება. არ ვიცი, რა არის პრობლემა. ძალიან განაწყენებულია, რომ არ მიიწვიეს. მას შეეძლო, რომ მოსულიყო თუ სურდა, მაგრამ ის არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში, მაგრამ ის უკვე სამი წელია მუშაობს და არასოდეს ყოფილა შეხვედრები ან სატელეფონო ზარები ამ ომის შესაჩერებლად. ეს საშინელებაა.

მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო შეასრულა. მისი ქვეყანა დაიმსხვრა და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა. ვერ დაასრულებ ომს, თუ ორივე მხარეს არ ესაუბრებით. თქვენ უნდა ისაუბროთ - ისინი სამი წელია არ საუბრობენ, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მალე დავინახავთ ცეცხლის შეწყვეტას და აღვადგენთ სტაბილურობას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

არავისთვის არ არის მომგებიანი მესამე მსოფლიო ომი და თქვენ არც ისე შორს ხართ მისგან. თუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთი წელი იქნებოდა, თქვენ მესამე მსოფლიო ომში იქნებოდით, ახლა კი ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არჩევნებს - ზელენსკი უარს ამბობს არჩევნებზე, დაბალი რეიტინგი აქვს- რეალურ უკრაინულ გამოკითხვებში, ვგულისხმობ როგორ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგი, როცა ყველა ქალაქი დანგრეულია?

კიევში ცოტა ხნის წინ ჩავიდა სკოტ ბესენტი, რომელსაც საკმაოდ უხეშად მოექცნენ, მას ფაქტობრივად, უთხრეს "არა" და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა - იშვიათ მინერალებზე შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და ცარიელი დაბრუნდა. - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები