ენერგოსექტორს მალე ქარის 5 და მზის ერთი ელექტროსადგური შეემატება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და მასში 460 მლნ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება. პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. აღინიშნა, რომ სიახლე ენერგოსექტორის განვითარებასთან ერთად ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
ინვესტიციას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით "აჭარ ენერჯი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორს დიდი პოტენციალი აქვს. ხელისუფლებისგან კი ამ მიმართულებით არაერთი მხარდამჭერი ნაბიჯი იდგმება.
დამატებითი ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ამბობენ, რომ სიახლე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.
"აჭარ ენერჯი" Exim Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებია ოპერირებს. კომპანიამ უკვე განახორციელა 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარს აღემატება.