მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ტრიბუნა, არა როგორც კანონმდებელმა, ამჯერად უკვე როგორც პრეზიდენტმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ დაიკავა. მიხეილ ყაველაშვილმა 28 - წუთიან გამოსვლაში ყველაზე დიდი დრო შიდა პოლიტიკურ საკითხებს დაუთმო. სხდომათა დარბაზში მყოფებმა მას ტაშით სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს - პირველად მაშინ, როცა თავისი 8 წლიანი საპარლამენტო გამოცდილება ახსენა, მერე კი მაშინ, როცა ქვეყნის ეროვნული ინტერების გაძლიერებასა და 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაიწყო საუბარი.
მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მყოფ არაკეთილმოსურნე ძალებს დაუკავშირა პოლარიზაციაც და მას ხელოვნურად გამოწვეული უწოდა. ამ კონტექსტში მიმართა ახალგაზრდებსაც და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მათ შერიგებისა და დიალოგისკენ მოუწოდა. დანის პირზე სიარულს შეადარა ის გზაც, რომელიც საქართველომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე გაიარა. ომსა და მშვიდობაზე საუბრისას ისიც თქვა, რომ საფრთხეები არსად გამქრალა და ქვეყანა ჯერაც გადასარჩენია. არც ის ევროპელი პოლიტიკოსები დავიწყებია, რომლებიც ყაველაშვილის შეფასებით, ამ ხნის განმავლობაში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ და არც ახლად არჩეული ამერიკელი კოლეგის ახალი პოლიტიკა. ფიქრობს, რომ ტრამპის ეფექტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადატვირთავს. განმარტა თავისი პირველი გადაწყვეტილებაც, შეწყალებულ პატიმრებთან დაკავშირებით და ყველას მოუწოდა, რომ ამ საკითხზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ნარკომანიასთან ბრძოლა კი ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. პოლიტიკოსს საფეხბურთო გამოცდილებით გასული წლის სპორტული მიღწევებიც არ გამორჩენია და მადლობაც გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფ გენო პეტრიაშვილსა და ლაშა ტალახაძეს.
მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ქვეყნის განვითარებამ და ეკონომიკურმა წინსვლამ ერთგვარი ხიდი უნდა გადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა პატარა ქვეყნის დემოგრაფიულ გამოწვევებზეც. ამ დროს მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას, დარბაზში მხოლოდ 89 დეპუტატი ისმენდა, ოპოზიციისთვის განკუთვნილი სავარძლები თავისუფალი იყო.
ხელისუფლების ოპონენტებმა გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს კედლებს მიღმა შეაფასეს. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არავის უსარგებლიათ.
პრეზიდენტის მოხსენება დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის გარეთ შეაფასეს. საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომა მხოლოდ პრეზიდენტის მოხსენებას დაეთმო, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, დედაქალაქის მერი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.