ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული პირებისთვის ხელფასების გაცემა მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ოპოზიციურმა საკრებულომ ზედიზედ მესამე სხდომა ჩააგდო. კვორუმის არარსებობის გამო ზუგდიდის ბიუჯეტში ნაშთის სახით დარჩენილი 5 მილიონ ლარზე მეტის ათვისება ვერ ხერხდება. გაჩერებულია ფინანსური ტრანზაქციები. ზუგდიდის მერი ოპოზიციას მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებს.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომებს ბოლო რამდენიმე თვეა ბოიკოტს უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა", სადაც საბიუჯეტო კრიზისზე კომენტარს არ აკეთებენ. სხდომებს არ ესწრებიან პარტია "ახლის" კვოტით წარმოდგენილი დეპუტატებიც.
ოპოზიციიდან სხდომაზე მხოლოდ გახარიას პარტიის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა ეს კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ კვორუმის რამდენჯერმე ჩაგდებას საბოტაჟად აფასებს "ქართული ოცნება".
საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპონენტები გამოგონილი მიზეზით შეგნებულად აფერხებენ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
სახაზინო საქმიანობის შეფერხებამ უკვე აზარალა ის კომპანიები, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. მათ მიერ გაწეული სამუშაოების ანაზღაურება ამ დრომდე ვერ ხერხდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დაგეგმილი პროექტებიც. ამ დროისთვის, წინა წლის ბიუჯეტიდან ნაშთის სახით დარჩენილია 5 მილიონ ლარზე მეტი. თანხის დაზუსტება მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ ხერხდება, რადგან ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, საკრებულოს სხდომები ფაქტობრივად პარალიზებულია.