გამოწვევებით და სირთულეებით სავსე პერიოდი ბოგვერაძეებისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს, ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. 4 წლის მოსე, სიმსივნის ურთულეს ფორმას - რაბდომიო სარკომას უკვე 5 თვეა ებრძვის. დაავადების აღმოჩენის პირველივე ეტაპზე ოჯახმა, მისი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ის ერთ-ერთია იმ 157 ბენეფიციარს შორის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით ახლაც სარგებლობს და საზღვარგარეთ მკურნალობს.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა უფრო გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება თურქეთში დამატებით კიდევ სამ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ახალ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. თურქეთში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ქართველი ბავშვების მშობლებს პირადად ესაუბრა და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები სამედიცინო სერვისს სამი ქვეყნის-თურქეთის, ესპანეთის და ისრაელის, 8 კლინიკაში იღებენ. 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, სახელმწიფო მკურნალობის და დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად უფინანსებს. პროგრამით უკვე ისარგებლა 100-ზე მეტმა არასრულწლოვანმა.
უახლოეს მომავალში, საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა იგეგმება. პროექტის განხორციელებამდეც, 18 წლამდე ონკო პაციენტებს, სახელმწიფო ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას და ოპერაციებს პროგრამის ფარგლებში უფინანსებს.