05 თებერვალი 2025,   00:38
ვრცლად
2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან რვას ბრალდება შეეცვალა - ვის ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს და რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ბრალის გადაკვალიფიცირებას

დროებითი მოთავსების იზოლატორთან, ადვოკატები დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არა ადმინისტრაციული წესით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით არიან დაკავებულები

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონდე ობიექტის, ჯგუფურად გადაკეტვის მცდელობას გამოძიება 8 პირს ედავება. მათ შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათთვის ბრალდების შეცვლა მოულოდნელი აღმოჩნდა. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დღეს სასამართლო თბილისი მოლთან დაკავებულების ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა.

2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველებმა 31 პირი აიყვანეს, რამდენიმე მათგანი ხელწერილით მალევე გათავისუფლდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებიდან 8 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დაკავებულების შესახებ განცხადება დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციის დროს 8 დემონსტრანტმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკირება სცადა. მუხლი, რომლითაც 8 პირის მიმართ გამოძიება დაიწყო, 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეების განხილვაც გრძელდება.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. ქადაგიძის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩატარდა, თუმცა მოსამართლეს გადაწყვეტილება დღეს არ გამოუცხადებია. სხდომა 7 თებერვლისთვის გადაიდო.

"თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას, ოპოზიციაში განცხადებები მოყვა. მმართველი გუნდის ოპონენტები, გამკაცრებულ კანონებს, თავისუფალი ნების გამოხატვის შეზღუდვად აფასებენ.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ობიექტების ხელოვნურად ბლოკირება, სისხლის სამართლის დანაშაულია. დანაშაულის ჩამდენმა პირმა კი კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე დაკავებულები, ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. 8 პირი, ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

დღის ამბები