05 თებერვალი 2025,   00:34
ვრცლად
იარაღი ძვირფასი მინერალების სანაცვლოდ - დიდი ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გარიგებას სთავაზობს

იშვიათი მეტალების მიღების სანაცვლოდ, ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა, ამერიკის პრეზიდენტი კიევს ისეთ გარიგებას სთავაზობს, რომელიც უკრაინისთვის მიცემული ფულის, ვაშინგტონისთვის უკან დაბრუნების გარანტიას იძლევა.

უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, დონალდ ტრამპი ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობის გადახედვასაც გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან პროდუქციის იმპორტზე 10%-იანი გადასახადის დაწესებას განიხილავს. ტრამპის განმარტებით, ევროკავშირთან მიმართებით ამერიკის სავაჭრო დეფიციტი 300 მილიარდი დოლარია,რადგან ევროპა ამერიკულ პროდუქციას არ ყიდულობს.

ტრამპის საგარეო ეკონომიკურ მიზნებს შეფასებები მოჰყვა ევროპაში.დონალდ ტრამპის მიზნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაახმოვანა. 2023 წელს შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირიდან 1,5 მილიარდი დოლარის ზეითუნის ზეთის, 4,7 მილიარდი დოლარის ღვინის და 1,2 მილიარდი დოლარის ყველის იმპორტი განახორციელა. ამასთან ერთად ამავე წელს, შეერთებულმა შტატებმა ევროპაში 106 მილიონი დოლარის მოტოციკლები და 571 მილიონი დოლარის ვისკი გაყიდა.

"ფაინენშალ თაიმსის" ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციის მოსალოდნელი გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯისთვის მზად არიან და ამერიკულ პროდუქციაზე 50%იანი და მეტი გადასახადი დაწესდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები