05 თებერვალი 2025,   00:59
ვრცლად
რა ელის მსოფლიოს ყველაზე მსხვილ დონორს - USAID-ი სრულად პარალიზებულია, გაყინულია ყველა საერთაშორისო პროგრამა, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა

USAID უკვე რამდენიმე დღეა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ინტერესისა და შესწავლის საგანია. დონალდ ტრამპი და ილონ მასკი არც იმას გამორიცხავენ, რომ 64 წლის წინ კონგრესის მიერ დაარსებული საერთაშორისო განვითარების სააგენტო დახურონ კიდეც. ორგანიზაციის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში დახარჯული თანხები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა. სპიკერი წერს, რომ საუბარია 41 მილიონ დოლარზე, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო პროცესში პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობოების გავლით მოხვდა. შალვა პაპუაშვილი USAID-ის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის მორიგ ღია მტკიცებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები ევროპულმა ფონდებმაც გამჭვირვალე გახადონ.

USAID-ის დროებითი მმართველი ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქნება. რუბიომ დღეს საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმ კითხვებზე, რომელიც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მის პროექტებთან აქვთ. ამ დროისათვის სააგენტოსთვის ყველა საგრანტო დაფინანსება შეჩერებულია, სავარაუდოდ ხელუხლებელი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება დარჩება.

საერთაშორისო განვითარების სააგენტო რომ ტრანშებს უცხო ქვეყნებში დესტაბილიზაციური პროცესების წასახალისებლად გასცემდა, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. ლგბტ მიმართულება და პოლიტიკური კრიზისის სტიმულირება - ეს ის საკითხებია, რომლის წახალისებასაც, უმრავლესობის ლიდერის აზრით, USAID საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სოლიდური ფინანსებით ახდენდა. მამუკა მდინარაძემ დღეს, მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის შეცვლილი მიდგომებისა, თბილისში შტატების საელჩოს უცვლელ პოზიციასა და იქ ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზეც ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მასკმა და ტრამპმა USAID-ს კრიმინალების ორგანიზაცია უწოდეს, ქართულ ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ სააგენტოს შეუფერხებელ მუშაობას საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას უფრო ეფექტურს გახდის.

ოპონენტები რომ USAID-ის მესვეურებს გულშემატკივრობს, არ უკვირთ მმართველ გუნდში. კანონმდებლები ამბობენ, რომ ადგილობრივ ენჯეოებსა და ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური კავშირი ე.წ. დიფ სთეითთან სწორედ საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე გადის. ლიდერების აზრით, შტატებში დაწყებული პროცესებისა და საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პროცესების ესკალაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.

USAID 1961 წელს შეერთებული შტატების კონგრესის პატრონაჟით დაარსდა. 60 წელზე მეტია ორგანიზაცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ოპერირებს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უცხო ქვეყნებში რევოლუციური სცენარების დაფინანსებაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ სააგენტო უახლოეს მომავალში დახუროს კიდეც.

დღის ამბები