04 თებერვალი 2025,   20:32
ვრცლად
"ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არაერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა" - გია ვოლსკი

"სანამ განცხადებას გააკეთებს ვინმე - ფრანგი იქნება, გერმანელი თუ პოლონელი, რასაკვირველია, უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმე ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.

გია ვოლსკის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ისჯებიან მოქალაქეები, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა.

"ფრანგმა ევროპარლამენტმა რაც არ უნდა განაცხადოს, რასაკვირველია ეს ეხება საქართველოს ინტერესებს და აქ სტაბილური, კანონს დაქვემდებარებული ატმოსფეროს შენარჩუნებას. რაც ყველას ინტერესში უნდა იყოს. ნებისმიერ დემოკრატიულ სამყაროში ჩვენ არა ერთი მაგალითი ვიხილეთ, თუ როგორ ისჯებიან იმისათვის, როდესაც პოლიციელზე მიაქვთ შეტევა. პოლიციელი კი არ არის რაღაც განსაკუთრებული ფიგურა, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელია, რომელიც წესრიგს იცავს. ასე რომ, სანამ განცხადებას გააკეთებს ვინმე - ფრანგი იქნება, გერმანელი თუ პოლონელი, რასაკვირველია, უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმე ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი უჭერს მხარს," - აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - წერილს ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

ტექსტში ვკითხულობთ რომ საქართველოს მეგობრები, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან.

ევროპელი პარლამენტარები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

დღის ამბები