03 თებერვალი 2025,   13:06
ვრცლად
"არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმური კომისიის შექმნა მოიფიქრა" - გიორგი კაპანაძე

მე-11 მოწვევის პარლამენტი ხვალ საგაზაფხულო სესიას ხსნის. ერთი დღით ადრე კი, კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე იკრიბებიან.

ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს.

მიმდინარე კვირასვე მოხდება მისი ჩამოყალიბება; განისაზღვრება მუშაობის გრაფიკი და მიმართულებები.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან ეს პარლამენტი არალეგიტიმურია.

"ბუნებრივია, ჩვენ ამ პარლამენტში, მათთან ერთად, არანაირ საქმიანობას არ ვაპირებთ. ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი. თავის მომხრეებს უნდა მოატყუონ, რომ თითქოს ვიღაცის დასჯას აპირებენ და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას. "ნაციონალური მოძრაობის"ოდიოზური სახეები ჰყავთ თავის გუნდში, როგორც მთავრობაში, პარლამენტში, ისე ქვედა სტრუქტურებში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე "ქართული ოცნების" მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მიზნით წამოიწყო.

"არალეგიტიმურმა პარლამენტმა არალეგიტიმური კომისიის შექმნა მოიფიქრა საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მიზნით, რათა საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე. სინამდვილეში, დღეს საზოგადოებას თუ რამე აღელვებს, არის ის, რომ ითხოვს ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ითხოვს, "ქართული ოცნების" მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას", - განაცხადა გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები