03 თებერვალი 2025,   13:03
ვრცლად
"თბილისი მოლთან" მსვლელობის დროს დაკავებული პირები, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს

გუშინ, აქცია-მსვლელობის დროს დაკავებული პირები, წინასწარი დაკავების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს.

დიმიტრი ცქიტიშვილის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, ის ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული, რომელიც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"დიმიტრი ცქიტიშვილის დაკავებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. მისი დაკავება მოხდა იმიტომ, რომ უბრალოდ ის იმყოფებოდა აქციაზე. მასაც სტანდარტულად, ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლებს. რეალურად, მისი მხრიდან ამ ქმედებების განხორციელებას ადგილი არ ჰქონდა. ალბათ, 48 საათი გააჩერებენ, შემდეგ ან გამოუშვებენ ან პირობითად, დიმას შემთხვევაში, სამშაბათს გადაიყვანენ სასამართლოში და ექნება პროცესი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

კონსტანტინე კობერიძის უფლებადამცველის გიორგი ჭოჭუას თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტროტუარზე იდგა როდესაც დააკავეს, შესაბამისად, არ იცის რას ედავებიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონსტანტინე კობერიძის დაკავება მოხდა "თბილისის მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით - 166-ე და 173-ე, ერთი ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარამდე, ხოლო მეორე 3000 ლარამდე. შევხვდი მას, გავისაუბრეთ და როგორც აღნიშნა, არავითარი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, თვითონაც არ იცის რატომ დააკავეს, ტროტუარზე ვიდექი მოვიდნენ თანამშრომლები და დამაკავესო; ჩასვეს პოლიციის ავტომობილში და წაიყვანეს სამმართველოს შენობაში", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

დღის ამბები