პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
ლადო ბოჟაძის თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებს შეისწავლის, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო.
"12 წლის განმავლობაში არ მომხდარა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცნენ მათი კონკრეტული ლიდერები, მათი ბევრი ლიდერი გაქცეულია საქართველოდან, ბევრმა უკვე მოიხადა სასჯელი, მათი პოლიტიკური შეფასება მოხდა არაერთხელ, მათ შორის, 26 ოქტომბერს, როცა კიდევ ერთხელ დამარცხდა კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა სამართლებრივი საკითხები ამ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა დამატებით ფაქტებს, მტკიცებულებებს შექმნის საიმისოდ, რომ ერთი მხრივ, პროკურატურაში გაგრძელდეს გამოძიება ბევრი მიმართულებით და მეორე მხრივ, არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რომ აკრძალული იქნას "ნაციონალური მოძრაობა". ეს იყო ჩვენი მთავარი საარჩევნო დაპირება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს საარჩევნო დაპირებას ვასრულებთ.
არ გვაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, ვგულისხმობ კომისიის წევრობას, თუმცა ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვა მოუწევს, ეს იქნება ძველი თუ ახალი "ნაციონალური მოძრაობა", "ლელოში" გადაბარგებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ის ადამიანები, ვინც დღეს გახარიას პარტიაში არიან. მათ შევახსენებ კანონმდებლობასაც, შევახსენებ რეგლამენტსაც, ისინი ვალდებულები არიან ითანამშრომლონ", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.