30 იანვარი 2025,   09:00
ვრცლად
შანტაჟი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წელია გრძელდება - როგორ ფასდება საქართველოში ქართველი დიპლომატებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება

პოლიტიკურთან ერთად, ოფიციალურ თბილისს, ბრიუსელის მიმართ შეკითხვები სამართლებრივი მიმართულებითაც აქვს. სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირის საბჭოსგან ითხოვს დასაბუთებას, რას ეფუძნება დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არგუმენტაცია ჯერ საქართველოს ხელისუფლებას არ გადასცემია, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართულ მხარეს არც 2010 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების პირობები დაურღვევია. ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური მოტივები, მმართველმა გუნდმა, ევროკავშირის საბჭოს რელიზში დაინახა, სადაც უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძვლად, "ოჯახური ღირებულებების და გამჭვირვალობის კანონები" დასახელდა.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ დიპლომატები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, თავიანთ ქვეყნებში არსებული კანონების შესაბამისად, ინდივიდუალურად უნდა აამოქმედონ. საქართველოში აკრედიტებული ელჩები ამბობენ, რომ ეს არის ევროკავშირის სამართლიანი პასუხი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკაზე.

ბრიუსელის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ ქართულ ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპელი მინისტრების გადაწყვეტილების რეალური საფუძველი, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები და ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება, სახელისუფლებო გუნდისთვის შანტაჟია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წელია გრძელდება. მმართველი პარტია ევროკავშირის საბჭოს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. "გამჭვირვალობისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკას ახსენებს და ბრიუსელიდან განმარტებებს ელოდება.

ბრიუსელს პირველი მოწინააღმდეგე უკვე გამოუჩნდა. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას არ შეასრულებს უნგრეთი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, "უნგრეთის მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს თუ არა".

დღის ამბები