30 იანვარი 2025,   09:12
ვრცლად
როგორ იმოქმედებს ამერიკული გრანტების გაყინვის პოლიტიკა საქართველოზე - "ქართული ოცნება" სტაბილურობის დაბრუნებაზე საუბრობს, ოპოზიციაში კი პროექტების აღდგენის იმედი აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც საგარეო დაფინანსების შეჩერებას ეხებოდა, მოწინააღმდეგეები პირველივე კვირაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში გამოუჩნდნენ. ახალმა ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების გაყინვის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გვერდის ავლისთვის USAID-ის 60-მდე ხელმძღვანელი იძულებით შვებულებაში გაუშვა.

"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით გათავისუფლებულებს ბრძანება ელფოსტით გაეგზავნათ, მანამდე კი მიიღეს გაფრთხილება, რომ ახალი დირექტივების შეუსრულებლობა დისციპლინურ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ამერიკული მედია ავრცელებს.

USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მთავარი კითხვა 2020 წლის არჩევნებს ეხება. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ USAID-ის ხელმძღვანელი პირების გათავისუფლებაც ადასტურებს, რამდენად საფუძვლიანია ტრამპის გადაწყვეტილება საგარეო დაფინანსების მიზნობრიობის შემოწმების შესახებ.

სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს და USAID-ი საგარეო დახმარების აუდიტის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორ აისახება ტრამპის გადაწყვეტილება საქართველოზე, სადაც USAID-ი წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ პროექტებს აფინანსებს? - ამ კითხვას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მოჰყოლია. მმართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ საქართველოში უცხოური დაფინანსების ძველი პრაქტიკა დასრულდება, რაც ქვეყანაში სტაბილურობას შეუწყობს ხელს. არგუმენტად უმრავლესობას სწორედ ტრამპის ახალი მიდგომა მოჰყავს, რომელიც, მათივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის სულისკვეთებას ეხმიანება.

ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას საგარეო დახმარების გაცემისა და მისი მიზნობრიობის გამო ხშირად აკრიტიკებდა. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საგარეო დახმარების პრიორიტეტებისა გადაფასების შესახებ მიიღო. განკარგულების მიხედვით, აშშ-ის საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა, 90 დღის განმავლობაში, მისი მიზნობრიობის შესწავლამდე ჩერდება.

დღის ამბები