30 იანვარი 2025,   09:14
ვრცლად
შეუჩერდება თუ არა ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება ევროსაბჭოში - მმართველი გუნდი საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობაზე საუბრობს

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სტრასბურგში ხვალინდელი გადაწყვეტილების მოლოდინშია. თეა წულუკიანის თქმით, დელეგაცია მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ ასამბლეას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს.

სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ ქართველი ოპოზიციონერებიც. საგანგებოდ გაგზავნილი წერილის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე პირადადაც დააყენა ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, ზურა ჯაფარიძე კი საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილების ორ ვერსიას განიხილავს.

ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება არასამართლიანად და არაარგუმენტირებულად შეფასდება მმართველი გუნდის მხრიდან. დელეგაციის წევრები საქართველო-ევროსაბჭოს მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭო კონკრეტული ძალების მხრიდან ზეწოლის ქვეშ არ მოექცევა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობა მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვისაც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება თავად ასამბლეას დააზიანებს.

უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის მიმართვისა და მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ზამთრის სესიაზე გაირკვევა დარჩება თუ არა საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

დღის ამბები