30 იანვარი 2025,   09:08
ვრცლად
აშშ-მა უკრაინელებისთვის ლტოლვილთა დახმარების პროგრამა ამ ეტაპზე შეაჩერა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელებისთვის ლტოლვილთა დახმარების პროგრამა, სახელწოდებით Uniting for Ukraine შეაჩერა. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სერვისების (USCIS) ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

"ჩვენი საზღვრების დაცვის შესახებ 2025 წლის 20 იანვრის განკარგულების შესაბამისად, USCIS აჩერებს ფორმა I-134A-ს მიღების პროცესს, ონლაინ განაცხადის და სპონსორობის დეკლარაციის შევსებას მანამ, სანამ არ დავასრულებთ ყველა კატეგორიულ, ვადამდე გათავისუფლების პროცესს, როგორც ამას შესაბამისი განკარგულება მოითხოვს", - ნათქვამია მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სერვისების განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ ახალი განაცხადები განხილვის დასრულებამდე პრაქტიკულად გაყინული იქნება.

პროგრამა Uniting for Ukraine საშუალებას აძლევდა უკრაინელებს შეერთებულ შტატებში ორ წლამდე დარჩენილიყვნენ, ემუშავათ და მიეღოთ ჯანმრთელობის დაზღვევა. აპლიკანტებს მოეთხოვებოდათ შეერთებულ შტატებში ჰყოლოდათ სპონსორი, რომელიც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მათ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა.

დღის ამბები