ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საბჭოს ოფიციალურ რელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე.
ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაზე მედიასთან დღეს ევროკავშირის ელჩებმა ისაუბრა.
"საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, არ დარჩება ჩვენი რეაქციის გარეშე. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა, წარმოადგინოს შეზღუდვები დიპლომატიური და სამუშაო პასპორტების მფლობელებისთვის საქართველოდან - მათთვის, ვინც მთავრობას წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირში მოგზაურობას გადაწყვეტენ, ვიზაზე განაცხადის შევსება მოუწევთ. ჩვენი დამოკიდებულებაა, არ დავსაჯოთ აქართველოს მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში დგას და ითხოვს დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო, დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინებასა და მიმდინარე ძალადობაზე.
რაც შეეხება კანონს, რომელსაც გამჭვირვალობის კანონს, ან უცხოური გავლენის კანონს ეძახიან - მიუხედავად ჩვენი, ყველას მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი. საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა არგუმენტებით, რატომ არღვევს ეს კანონი შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, რატომ დაანგრევს სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა, მოწოდებების მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს კანონი მაინც მიიღეს. ჩვენ დასაწყისშივე ვამბობდით, რომ ამას შედეგები მოჰყვებოდა, ჩვენ ამას ასე არ დავტოვებდით და ამის მაგალითია ის, რაც ახლა ხდება", - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი.
პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი, არტურ გებალი, ამბობს, რომ გადაწყვეტილება სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან.
"დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა და ამჟამინდელ ვითარებას კარგად ასახავს. ასევე, ვფიქრობთ, რომ ეს სიმბოლური ჟესტია ევროკავშირის მხრიდან და პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. პოლონეთს როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ შუამავლის როლი გვაქვს და ამიტომ ევროკავშირის მოქმედებებს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე, დამატებითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ევროკავშირში დისკუსიები გრძელდება", - აცხადებს არტურ გებალი.