დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მაღალი თანამდებობის 56 პირი ანაზღაურებად შვებულებაში გაგზავნა. Time-ი გადაწყვეტილებას აღნიშნული თანამშრომლების ტრამპის დღის წესრიგთან შეწინააღმდეგებას უკავშირებს.
როგორც მედია იუწყება, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ "გამოვლინდა რამდენიმე ქმედება USAID-ში, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებებისა და ამერიკელი ხალხის მანდატის გვერდის ავლას". შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ "ამ ქმედებების ანალიზის დასრულებამდე", თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა ანაზღაურებად შვებულებაში გავა.
ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შტატების მიერ საგარეო დახმარების შეჩერება - უკვე ოფიციალურად გამოიცა უწყება, რომლის თანახმადაც "დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ახალი საგარეო დახმარების ხარჯების გაწევა". ასევე გამოიცა მიმდინარე გრანტებისა და კონტრაქტების შეწყვეტის ბრძანება.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ოფისი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებს.
ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, შტატების 47-ე პრეზიდენტმა 90 დღით შეაჩერა საგარეო დახმარების ხარჯების გაწევა. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა".