10 იანვარი 2025,   21:29
ვრცლად
ჩვენი მიზანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, თუ დაგვამუნათებენ, 2013-14-15-ში რატომ არ იყო გამოძიებული, ქვეყანას დამოუკიდებლობის ეს ხარისხი არ ჰქონდა, ახლა შეგვიძლია დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები - მამუკა მდინარაძე კომისიის შექმნაზე

"ვფიქრობდით, რომ სწორედ ის ფორმატი იქნებოდა ყველაზე კარგი, რომელიც მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა და რაც მთავარია, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში", - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღეს მედიასთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ეს არის ყველაზე გამჭვირვალე პროცესი და საზოგადოება თითოეულ დეტალთან დაკავშირებით მაქსიმალურად საქმის კურსში იქნება. 

"ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალური. დახურულ კარს მიღმა კი არ მიმდინარეობდეს გამოძიება, არამედ საზოგადოება ამაში იყოს მაქსიმალურად ჩართული, იმდენად, რამდენადაც პრაქტიკულად ხედავთ, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემა ხოლმე, როდესაც ასეთი კომისიის პრეცედენტები იყო და არის ხოლმე საქართველოში. ეს არის ყველაზე გამჭვირვალე პროცესი და საზოგადოება თითოეულ დეტალთან დაკავშირებით საქმის კურსშია და მისი ჩართულობა ამ შემთხვევაში არის მაქსიმალური. თუკი რაიმე შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, აქ არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის ევროპული, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მიღწევა და ღირებულება და ჩვენ ამ ღირებულებების შესაბამისად, ვფიქრობდით, რომ სწორედ ის ფორმატი იქნებოდა ყველაზე კარგი, რომელიც მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა და რაც მთავარია, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში.

დიდი ხანია ამას საზოგადოება ითხოვდა. სხვადასხვა წრეებში ყოველთვის იყო ამის მოთხოვნა. თუმცა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ამ ხარისხისგან განცალკევებით, ალბათ ეს შეუძლებელი იყო.

თუ ვინმე დაგვამუნათებს ახლა, რომ 2013-14-15-ში რატომ არ იყო, იმიტომ, რომ ქვეყანას სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ეს ხარისხი არ ჰქონდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია აბსოლუტურად დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის, ასეთი სახის გადაწყვეტილებები. ჩვენ დღეს, მაშინ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წარსულის სწორი შეფასებითაც განისაზღვროს, გადავწყვიტეთ, რომ იმ ადამიანებს, მათ მოქმედებებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინააღმდეგ აგენტურული ქსელიდან და მათი დავალებებიდან გამომდინარე საბოტაჟს უწყობენ, დავარქვათ თავის სახელი, მათ ქმედებებს დავარქვათ თავის სახელი და ისევე, როგორც გერმანიამ ეს უზრუნველყო, ჩვენს ვუზრუნველვყოთ, რომ ფაშიზმი, წარსულის მძიმე დანაშაულების, მკვლელობების, გაუპატიურებების, სისტემური დანაშაულების, ბიზნესის რეკეტის, მედიასაშუალების მიტაცების და ა.შ. ავტორები, აღარ იყვნენ პოლიტიკაში მთავარი აქტორები.

დღეს ხედავთ, რომ ისინი გარკვეულ პროცენტებს იღებენ. ნაცები დაპოზიციონირდნენ როგორც პროევროპელები და არის საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელიც აღმოჩნდა მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც მიყვება მკვლელს, სისტემური წამებისა და გაუპატიურების აქტორს და უჯერებს მას, და ჰგონია, რომ ის არის პროევროპელი და ვინც ამის წინააღმდეგ ილაშქრებს, ის არის პრორუსი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები