10 იანვარი 2025,   06:23
ვრცლად
მმართველი პარტიის ინიციატივით პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება - ის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2003-12 წლებში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს შეისწავლის და შეფასებას მისცემს

საარჩევნო დაპირება - "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას იწყებს. პატიმრების წამება, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა; აქტივების და თანხის გამოძალვა. მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება - ამ ყველაფერზე საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო კომისია, მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ სამართლებრივ და პოლიტიკურ რეკომენდაციებს მოამზადებს. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონმდებლები 2003-12 წლებში ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს ზედმიწევნით შეისწავლიან და შეფასებას მისცემენ. მამუკა მდინარაძემ დღეს ისიც განმარტა, რომ საგამოძიებო პროცესი სამხედროებს და მეთაურებს არ შეეხება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ ზუსტად იცოდეს, რა ძალადობრივ ქმედებებთან ასოცირდებოდა "ნაციონალური მოძრაობა", რაც სამომავლოდ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების რისკებს დააზღვევს.

სახელისუფლებო გუნდის ინიციატივას არარელევანტურს უწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". "ნაცმოძრაობა" და მისი ყოფილი თანაგუნდელებით დაკომპლექტებული პარტია "ახალი", დროებით კომისიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამ ფორმით მთავარი პოლიტიკური თემების გადაფარვას ცდილობს.

არცერთი სამართლებრივი გადაცდომა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საპარლამენტო პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას რეალურ სახელს დაარქმევს. კანონმდებლების თქმით, ეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება იქნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაცაა, ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც ისაუბრა. მამუკა მდინარაძე არც იმას გამორიცხავს, რომ პროცესს "ნაცმოძრაობის" საგარეო ლობისტების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა მოჰყვეს, თუმცა "ქართული ოცნება" ამისთვისაც მზადაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მომხდარი მოვლენების შემსწავლელი კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. კანონმდებლები საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ.

დღის ამბები