მესტიაში, სოფელ ნაკრასთან მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობაში, ასევე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. ამ გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ბრალდების მხარემ წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობის მოტივად სხვადასხვა გარემოება დაასახელა, მათ შორის, ის, რომ ორივე დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და არსებობს მიმალვის საფრთხე. თავის მხრივ, ბრალდებულ პაკელიანის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 100 000 ლარის გამოყენებას მოითხოვდა, ჭკადუას ინტერესების დამცველმა კი დააყენა შუამდგომლობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ გამოყენებულიყო, თუმცა ალტერნატივად 5 000 ლარის განხილვა სთხოვა მოსამართლეს.
პროკურორის კითხვაზე, გაისროლა თუ არა, დაკავებულმა რევაზ პაკელიანმა თქვა, რომ მან თავის დაცვის მიზნით ისროლა.
გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულებმა ჯერ მობილური ტელეფონები წაართვეს რუსეთის ფედერაციის დაზარალებულ მოქალაქეებს, შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ვიქტორ სოლოვიოვს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ. ორივე მამაკაცი პოლიციამ ორ დღეში დააკავა.
დანაშაულები სასჯელად სხვადასხვა ზომას, მათ შორის, უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.