სამი ოპოზიციური პარტიის საერთო წერილის ადრესატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ფრაქციების თავმჯდომარეები არიან. მთავარი მოთხოვნა კი იმ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობაზე უარის თქმაა, რომელიც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა ევროპის საბჭოში უნდა წარადგინოს. ოპოზიციურ პარტიებში ყურადღებას ბოლო პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებაზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის საერთო წერილს ქვეყნის იმიჯის დაზიანების მორიგი მცდელობა უწოდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სურვილის მიუხედავად, ოპონენტების გზავნილს შედეგი არ ექნება.
ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილს მხოლოდ სამის ხელმოწერა აქვს. გიორგი გახარიას გუნდი საერთო წერილს არ შეუერთდა. ამ პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ ინდივიდუალური მოქმედების ტაქტიკა აქვთ და მსგავსი შინაარსის განცხადება ევროპის საბჭოს ჯერ კიდევ გასულ კვირას გაუგზავნეს.
ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი -"ქართულ ოცნებაში", ოპონენტების ქმედებებში მხოლოდ ამ ინტერესს ხედავენ. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია მითითებების შემსრულებელია.
სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედონ და არჩევნების შედეგებს შეეგუონ.