10 იანვარი 2025,   06:47
ვრცლად
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, სავალდებულო ევაკუაციის შემდეგ სახლი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა - ცეცხლის 6 აქტიური კერის ლოკალიზება ვერ ხერხდება

კალიფორნიაში, მეხუთე დღეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. განადგურებულია ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამოქმედებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

სავალდებულო ევაკუაციის მოთხოვნის შემდეგ საცხოვრებელი სახლი დატოვა 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ. რისკის ზონაში, ამ დრომდე, ათეულობით ათასი ადამიანი რჩება.

რთული ვითარებაა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ ჰილსში, ამ დროისთვის ცეცხლის 6 აქტიური კერაა, რომლის ლოკალიზებასაც მეხანძრე-მაშველები რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების გამო ვერ ახერხებენ. განადგურებულია ამერიკული კინოინდუსტრიის ცნობილი ვარსკვლავების კუთვნილი სახლებიც.

სტიქიის ზონაში ჩავიდა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ამერიკელებს სანტა-მონიკას საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბიდან მიმართა. ბაიდენმა შტატში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა, ფედერალურ სამსახურებს კი კალიფორნიისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა დაავალა.

კალიფორნიაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ვაშინგტონიდან გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.

კალიფორნიაში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. 2024 წელს შტატის სხვადასხვა რაიონში 8 000-ზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში 425 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. მიმდინარე ხანძრიდან მიყენებული ზარალი 50 მილიარდ დოლარს სცდება.

დღის ამბები