10 იანვარი 2025,   06:23
ვრცლად
გლოვის დღე უკრაინაში - რუსეთის მორიგ იერიშს ზაპოროჟიეში 13 ადამიანი შეეწირა, კიდევ ათობით დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კვარტალზე სარაკეტო დარტყმა 2 მართვადი ავიაბომბით განახორციელეს. შეტევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 113 მოქალაქე. ექიმები საავადმყოფოში 10 დაშავებულის გადარჩენას ცდილობენ. კრიტიკულია 59 ჰოსპიტალიზებულის მდგომარეობა.

სარაკეტო თავდასხმის გამო საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. გადამწვარია, ათამდე შენობა. სახანძრო სამაშველო ოპერაციის პარალელურად მედიკოსები დაშავებულების დახმარებას ქუჩაში ცდილობდნენ.

ომის გამომწვევ მიზეზებზე დღეს კიდევ ერთხელ საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი და ამბობს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ომი არ აქვთ, უკრაინა არ იყო ნატოში და რუსეთი მას თავს ამიტომ დაესხა. ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად ასახელებს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც დღემდე ეწინააღმდეგებიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას.

უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის შეკავების გზებზე, დღეს გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა, საკონტაქტო ჯგუფის 25 შეხვედრაზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინა ამერიკისგან შეიარაღების ახალ 500 მილიონიან მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს. მედია წერს, რომ აღნიშნული ზომა ამერიკაში პრეზიდენტის გარდამავალი ადმინისტრაციის პირობებში უკრაინის თავდაცვისუნარიანობას უზრუნველყოფს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ცნობილია, რომ ამერიკული მხარდაჭერის დღეს გამოცხადებული პაკეტი, უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული სასწრაფო მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. უკრაინელი სამხედროები მოკავშირის შეიარაღებას შემჭიდროებულ ვადებში მიიღებენ. მათ შორის, სხვა და სხვა ტიპის ჭურვებს და "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტებს.

ავტორი:  ლუკა ჩლაიძე 

დღის ამბები