12 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება  მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -  პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც პროკურორი აცხადებდა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი კრა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ვ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები