კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ქვეყნის კრიზისისგან გამოყვანის ერთადერთი გზა დიალოგია, თუმცა ოპოზიციურ სპექტრსა და მმართველ გუნდს შორის საუბარი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს.
როგორც ბუაძემ გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბარში აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი და აღიაროს ქვეყანაში შექმნილი კრიზისი, რადგან მან, ბუაძის თქმით, საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა.
"დიალოგი შედგება ახალი არჩევნების დანიშვნის ირგვლივ. მხოლოდ ამ საკითხის ირგვლივ უნდა შედგეს. ახალი არჩევნების აუცილებლობის აღიარება უნდა გახდეს დიალოგის მთავარი წინაპირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ.
ის, რომ დიალოგი, თუნდაც ასეთ მწვავე ვითარებაში არის აუცილებელი, ეს ცხადია. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაუსწოროს იმ რეალობას თვალი, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა, მათ შორის, საკუთარი ამომრჩეველიც, ეს უნდა გვახსოვდეს - ის ამომრჩეველი, რომელსაც ჰპირდებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას.
არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ მათ მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია, ლეგიტიმაციის გარეშე გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოდან და საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, ხალხს გამოუცხადეს, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანება იქნება გადადებული, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს დემარშს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიერ მოტყუებულ ამომრჩეველსაც ჰქონდეს საკუთარი პოზიციის ხელახლა გამოხატვის შესაძლებლობა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თუ რამე არ დგას ეჭვქვეშ, ეს არის ევროპული კურსის მიმართ ხალხის ერთგულება", - განაცხადა საბა ბუაძემ.