მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გზავნილს 4 ადრესატი ჰყავს - 4 პოლიტიკური სუბიექტი, რომელთა მიმართ მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილებას არ მალავს. ყოფილი პრეზიდენტი "ვივა მედის" კლინიკიდან ამბობს, რომ მხოლოდ ორბელიანების სასახლეში სიარული არაფრისმომცემია. ოპოზიციისგან ითხოვს უფრო მეტს- მკაფიოდ უთხრან საზოგადოებას, რომ აქციების უკან თავად დგანან.
ლიდერის მოწოდებას არ იზიარებს თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციების ერთადერთი ორგანიზატორი ხალხია, ოპოზიცია კი მხოლოდ აქციის მონაწილეების კარნახით მოქმედებს.
სააკაშვილის განცხადება "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია, რომ დემონსტრაციებს სწორედ ოპოზიციური პარტიები ხელმძღვანელობენ და აქციის მონაწილეებს საჭირო ატრიბუტიკითაც ამარაგებენ. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ამ ფაქტს პარტიული ოფისებიდან ჩხრეკის დროს ამოღებული პიროტექნიკა და სხვა საპროტესტო მასალებიც ადასტურებს.
ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი, საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც მიიღეს. მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" გავრცელებულ წერილში პირდაპირ ამბობს, რომ პროტესტის პასიურობით უკმაყოფილოა და დემონსტრანტებს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. გასცემს დამატებით მითითებასაც, სადაც პროტესტის ახალი ფორმის საჭიროებასა და მოულოდნელი შეტევების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, ოპოზიციის მსგავსად, მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, მის გეგმებს კი პერსპექტივა არ აქვს.
რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები მე-15 დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება და დამნაშავეების დასჯა.