12 დეკემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ემანუელ მაკრონმა დაურეკა - როგორი იყო პარიზსა და თბილისს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი

ზარი პარიზიდან, რომელიც პოლიტიკურ სურათს ცვლის - სატელეფონო საუბრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ადრესატი კი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა. კონტაქტი მომავალშიც გაგრძელდება - ეს ერთსაათიანი დიალოგის დროს ითქვა. 60-წუთიან საუბარში, ემანუელ მაკრონმა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და სურვილიც გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო დიალოგზე საუბრობენ ელისეის სასახლიდანაც. გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებენ, რომ საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა და იქვე აკონკრეტებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ასევე, ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება. მაკრონის მოწოდების ადრესატები გახდნენ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც - საფრანგეთის პრეზიდენტი ყველას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდებს.

პარტიის საპატიო თავმჯდომარემ დაკავებულებთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდება, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულები კი პასუხს მტკიცებულებების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებენ. ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ეს სატელეფონო კავშირი საფრანგეთის მხრიდან არა ხელისუფლების აღიარება, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალი იყო. მაკრონის ინიციატივაზე დიალოგთან დაკავშირებით კი აცხადებენ, რომ მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ჩატარება რჩება.

"ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და მათმა უმრავლესობამ ლეგიტიმაცია "ქართულ ოცნებას მიანიჭა" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ის, რაც უკვე მოცემულობაა, დიალოგის თემაც ვერ იქნება. ოპონენტებს კი ურჩევენ, კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. "ქართული ოცნება" მაკრონის ინიციატივას ურთიერთობების გადალაგების დასაწყისად აფასებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ტელეფონით, ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა. დიალოგის ინიციატორი ემანუელ მაკრონი იყო.

 

ავტორი: იზი ბურნაძე. 

 

დღის ამბები