12 დეკემბერი 2024,   23:56
ვრცლად
ზარი პარიზიდან - რა მისია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს და შეძლებს თუ არა ის ვითარების განმუხტვას

სანამ საფრანგეთიდან ერთ ზარს შემდეგი მოჰყვება, საქართველოში პოლიტიკოსები პირველის შინაარსს განიხილავენ. კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა პარიზიდან ზარმა ქართული პოლიტიკური სურათი უკვე შეცვალა. მმართველ გუნდში ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო დიალოგის შინაარსზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ გუშინდელმა ზარმა ოპოზიციის დღის წესრიგი არია, რადგან ოპონენტები ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ.

კონკრეტულად რა ითქვა საფრანგეთის პრეზიდენტსა და პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შორის - ეს ორმა ლიდერმა იცის, თუმცა საზოგადოებამ საუბრის ზოგადი შინაარსი იმ განცხადებებიდან გაიგო, რომელიც თბილისში "ქართულმა ოცნებამ", პარიზიდან კი ელისეის სასახლემ გაავრცელა. იმის მიუხედავად, რომ საკითხები, შავით თეთრზე, ორივე მხარემ დაწერა, ოპოზიციამ დიალოგი გამაფრთხილებელ სიგნალად აღიქვა. მოიწონეს მაკრონის მოწოდება ინკლუზიურ დიალოგთან დაკავშირებით, თუმცა ერთი ჩასწორებით - ოპოზიცია მოლაპარაკებას მწვანე შუქს აუნთებს, თუ ამ დიალოგის საბოლოო შედეგი ახალი არჩევნები იქნება.

ოპოზიციის მხრიდან არალეგიტიმურობაზე საუბარი სპეკულაციურია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიისთვის, სატელეფონო ზარი იმის დასტურია, რომ ურთიერთობები ჯანსაღ ფორმატს უბრუნდება.

ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ზარი საფრანგეთიდან საქართველოში, ბიძინა ივანიშვილთან განხორციელდა. ერთსაათიანი დიალოგისას ითქვა, რომ კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები