შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალება. ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია - სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება დასაშვები. პიროტექნიკა აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს დაემატება, როგორებიცაა: ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი.
საბოლოო კენჭისყრამდე, საკანონმდებლო პაკეტის მთავარი პრინციპები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შეაჯერეს. მმართველი გუნდის წევრებმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ის ცვლილებებიც განიხილეს, რომელიც აქციების დროს სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვას აკრძალავს. ახალი რეგულაციების მიხედვით, მანიფესტაციებზე ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენებაც შეიზღუდება ცვლილებების მიხედვით დადგინდება საგამონაკლისო წესი, იმ პროფესიების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარება პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებათ.
დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმება ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ახალ რეგულაციებს ხელისუფლება, საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენებს.
მმართველ გუნდში საკანონმდებლო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს. ამბობენ, რომ ძალადობის პრევენციისა და კანონდამრღვევების მარტივად იდენტიფიცირებისთვის ახალი რეგულაციები გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. რეგულაციები კვირის ბოლომდე დამტკიცდება.