12 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა და განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში საკითხის განხილვისას კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. მისივე თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამის თანახმად, უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი.

შესაბამისად, რომ არ მოხდეს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების გადაკვეთა, მიზანშეწონილი არ არის წარმოდგენილ კანონპროექტში ცვლილების განხილვის პროცედურის გაგრძელება.

"საქართველოს ჰყავს ახალი მთავრობა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც წარმოადგინა 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამა. აღნიშნულ სამთავრობო პროგრამაში არის დიასპორული მიმართულებებით გარკვეული თემები. იმისათვის, რომ არ მოხდეს კონკრეტული საკითხების გადაკვეთა, შემოვდივართ წინადადებით, რომ მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის პროცედურის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ - კავკასიურ ენებს, ამასთან ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღე.

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება ითვალისწინებდა, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოში შემოსვლის და დარჩენის ვადად განესაზღვროთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის პერიოდი, ნაცვლად 30 დღისა.

დღის ამბები