22 ნოემბერი 2024,   17:04
ვრცლად
როცა პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, მათმა ამომრჩეველმა უნდა ნახოს, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე, რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ "მათ ღირსება არ გააჩნიათ".

როგორც პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ოპონენტებმა საკუთარი თავი ჩიხში დააყენეს, რადგან ორი არჩევანი აქვთ, ან შევიდნენ პარლამენტში, რითაც თავს დაიმცირებენ, ან არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში, რითაც თავს გაინადგურებენ.

"მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ისინი ეძებენ გამოსავალს, მათთვის დამამცირებელი ეს ნაბიჯი როგორ გადადგან. მათ, საბოლოო ჯამში, ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი. ორი არჩევანი აქვთ - ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან მანდატებზე უარს და ამით დაიმცირებენ თავს.

ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ. როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში, აქ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა.

როცა პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ. ამიტომ, როგორი იქნება დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან. სინამდვილეში, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, თავს დაიმცირებენ და როგორც თვითონ აქვთ შეფასებული, პუფებად შემოვლენ პარლამენტში. ეს კადრები ყველამ აუცილებლად უნდა ნახოთ, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა, რომელსაც ვაფრთხილებდით თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო ქვეყნის დავალებით და ამ ხალხს საერთოდ არაფერი ქართული არ აინტერესებთ. ყველა მათმა ამომრჩეველმა ეს კადრები უნდა ნახოს, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და კიდევ ერთხელ აღმოჩნდება თუ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები