03 დეკემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - ოკუპირებულ სოხუმში, გვიან ღამით, სროლის ხმაც ისმოდა

ოკუპირებულ სოხუმში, გვიან ღამით, სროლის ხმა ისმოდა. ოკუპირებული აფხაზეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ტელევიზიის ეთერს ბჟანიას მხარდამჭერი, შეიარაღებული პირები აკონტროლებდნენ და თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენდნენ. ამ მიზეზით, ე.წ. ოპოზიციის წევრები ადგილზე 15 ავტომობილით მივიდნენ. მედიის ინფორმაციით, ბჟანიას მოწინააღმდეგეებს ტელეკომპანიის დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. მომხდარი ბჟანიამ ოპოზიციის მიერ ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობად შეაფასა და უშიშროების საბჭო მოიწვია.

ამ დრომდე, ოკუპირებულ სოხუმში, სამთავრობო კვარტალში, ე.წ. ადმინისტრაციულ შენობებს დემონსტრანტები აკონტროლებენ. შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მათივე განცხადებით, ბჟანიას ძალაუფლების დათმობა უნდა აიძულოს.

დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს, ბჟანია ამბობს, რომ პოსტს დატოვებს, თუმცა ერთი დათქმით, მას მომდევნო ეგრეთწოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს. საკითხთან დაკავშირებით, ის დღეს ეგრეთწოდებულ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეხვდა და მათთან მოლაპარაკებებსაც დათანხმდა.

ე.წ. ოპოზიციისთვის, ბჟანიას წაყენებული პირობები მიუღებელია. ოკუპირებული სოხუმის სამთავრობო კორპუსებში გამაგრებულები ითხოვენ, რომ ბჟანიამ საკუთარი პოლიტიკური კარიერა დაასრულოს და გადადგომის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპირისპირება იმ ხელშეკრულების რატიფიცირების მცდელობას მოყვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ბიზნესის წარმოების პრივილეგიას ანიჭებდა.

დღის ამბები