საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ელჩები ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ - დიპლომატებმა, რომლებიც უწყებაში დაიბარეს, კომენტარი მედიასთან არ გააკეთეს. განცხადება გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს.
ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და სახელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ითქვა, რომ მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
აქვე დიპლომატიური უწყება განცხადებაში წერს, რომ "მთავრობის გადაწყვეტილება არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას" - ეს არის საგარეო უწყების განმარტება.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და კიდევ 9 მაღალჩინოსანს.