03 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს - ცესკოში აცხადებენ, რომ გიორგი კალანდარიშვილისთვის გაურკვეველი ნივთიერების სახეში შესხმის ფაქტი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში უნდა მოხვდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმის ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავმჯდომარისთვის გაურკვეველი ნივთიერების სახეში შესხმის შემთხვევა, ყველა მიუკერძოებელი ორგანიზაციის დასკვნაში უნდა აისახოს და რეაგირება დიპლომატიურ კორპუსსაც უნდა ჰქონდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის დუმილი, ხელისუფლების ოპონენტებს არ უკვირთ. ოპოზიციის თქმით, ეს პასუხია მმართველი პარტიის ბოლო დროინდელ ქმედებებზე. პოლიტიკურ პარტიებში პრობლემას ვერც პროტესტის ფორმაში ხედავენ და ამბობენ, რომ გიორგი კალანდარიშვილისთვის უცხო ნივთიერების სახეში შესხმას ოპოზიციაში ბევრი იწონებს.

ოპოზიციის მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებს - მართულ პროცესს უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტს უწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების პოზიციასაც და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაბიჯებს შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, დაგეგმილია ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ცესკოში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, გიორგი კალანდარიშვილს თავს კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე 16 ნოემბერს დაესხა. კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს სახეში გაურკვეველი შავი სითხე შეასხა.

დღის ამბები