03 დეკემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ოკუპირებულ სოხუმში არეულობაა - ე.წ. პარლამენტის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ

ოკუპირებულ სოხუმში არეულობაა. ე.წ. პარლამენტის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ. მათ სატვირთო მანქანებით ეზოს ჭიშკარი და ღობე შეანგრიეს. ეზოში ძალოვნებთან დაპირისპირება იყო.

სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყეს. ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, შექმნილი ვითარების გამო, რეზიდენცია დატოვეს. მედია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჯარი და სპეცრაზმი დემონსტრანტების ქმედებებზე აღარ რეაგირებს.

ცოტა ხნის წინ, ოპოზიციას ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი შეხვდნენ და დაჰპირდნენ, რომ მათ მოთხოვნებს ბჟანიას გააცნობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და მოსკოვს შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა დღეს არ შედგა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი არ დაუჭირა ეგრეთ წოდებული დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ, ამიტომ სხდომა ვერ გაგრძელდა. ამის შემდეგ შეიცვალა აქციის მონაწილეების მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც სხდომაზე 35-დან მხოლოდ 21 ე.წ. დეპუტატი გამოცხადდა და საკითხის რატიფიცირება გადაიდო, ოპოზიცია ითხოვს, რომ ისინი ხელახლა შეიკრიბონ, საკითხს კენჭი უყარონ და უმრავლესობამ ხმა კანონის წინააღმდეგ მისცეს.

ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესი პრივილეგიებით დაიწყონ. აქციის მონაწილეებთან ერთად, ადგილზე დილიდან არიან მობილიზებულები სპეცდანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალები.

დღის ამბები