03 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი დასრულდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი დასრულდა.

ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია, არალეგალური მიგრაცია და გლობალური ვაჭრობა - უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 50-მდე სახელმწიფოს მეთაური ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა ევროპელ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ, რაც საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება.

სამიტი მასპინძელი ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ევროპის წინაშე არსებობს. ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტური გზა, ევროპელი ლიდერების აზრით, ერთობის შენარჩუნება და დემოკრატიული სტრატეგიის შემუშავებაა.

პოლიტიკოსები, რომლებიც ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგს ადგენენ, ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად უნდა გააღრმაოს კავშირები მთელ მსოფლიოში. მათ შორის, ისეთ პარტნიორებთან, რომლებთანაც განსხვავებული შეხედულებები აქვს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა. "ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა" - ამ სახელწოდების პანელზე მიიღო მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. დახურული ფორმატის დისკუსიაში, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე, თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ალან ბერსესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მთავრობის მეთაური უნგრეთის დედაქალაქში, რობერტ ფიცოსაც შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია. ბუდაპეშტში ვიზიტი საქართველოს პრემიერმა სოციალურ ქსელში შეაჯამა. კავშირების გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია, პრემიერის სიტყვებით, საქართველოს საკვანძო პრიორიტეტად რჩება.

დღის ამბები