03 დეკემბერი 2024,   21:24
ვრცლად
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია გრძელდება - ცესკო

ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა.

დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებზე’’ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს. რაც შემდეგ წარმოდგენილი იქნა, როგორც „არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულება“.

 არჩევნების შემდგომ პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა ე.წ. ბრალდება უარყოფილ იქნა უტყუარი ფაქტებით და უდავო მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ შემდეგი:

 

  • კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში; 
  • ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევარებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;
  • მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

გვინდა, ასევე,  გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნების შედეგების ანალიზთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ ამ ანალიზის ავტორის მიერ დაშვებული უზუსტობები და შეცდომები.

ავტორის მტკიცებით, მაგალითად:

  • საბურთალოს ოლქის 54-ე უბანზე არსებობს უზუსტობები კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერსა და ხელით დათვლილ შემაჯამებელ ოქმს შორის. რეალურად კი, მის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომელიც ატვირთულია ცესკოს ვებგვერდზე, რაც მან შეგნებულად თუ შეუგნებლად „ვერ შეამჩნია“. ასევე, მონაცემები არასწორადაა დაჯამებული და არ არის გათვალისწინებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;
  • საბურთალოს ოლქის 23-ე უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნაწილში არსებობს ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევა. მაშინ როდესაც, მითითებული უბნის დოკუმენტაციას ახლავს ახსნა-განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ ერთი ამომრჩეველი უბანზე მოვიდა ლამინირებული პირადობის მოწმობით, რეგისტრატორმა იგი გაატარა, თუმცა აღმოაჩინა, რომ დოკუმენტი უკვე ვადაგასული იყო, შესაბამისად, აღარ გასცა ბიულეტენი. ამის გათვალისწინებით, კი ყველა მონაცემი ზუსტია;
  • საბურთალოს ოლქის მე-7 უბანზე შემაჯამებელ ოქმებში თითქოს გამოვლენილია უზუსტობები. რეალურად კი, ავტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომლის მხედველობაში მიღების შემთხვევაში, მონაცემები აბსოლუტურად სწორია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ  მხოლოდ გენდერული სტატისტიკური მონაცემებითა და მისი დამუშავების მეთოდებით მანიპულაციურად აპელირება, ასევე, წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, ცხადია არ წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს და არც კონკრეტული ფაქტების შეფასების ცალსახა ინდიკატორს.

 

დღის ამბები